4 მიზეზი თუ რატომ უნდა იყენებდე საკრედიტო ბარათს ყოველი გადახდისას

თუ გგონია რომ საკრედიტო ბარათი მხოლოდ კრედიტის ასაღებადაა საჭირო - ძალიან ცდები. იცი, რომ საკრედიტო ბარათებით შეგიძლია ფული დაზოგო? წაიკითხე როგორ...

ალბათ ბევრჯერ გაგიგია მოსაზრება, რომ საკრედიტო ბარათი (ან როგორც ზოგიერთი უწოდებს – კრედიტ კარტა) “ცუდია”. ეს მოსაზრება საზოგადოებაში ტრიალებს რამდენიმე მიზეზის გამო: არასწორი წარმოდგენები, ფინანსური განათლების ნაკლებობა და მოძველებული რეგულაციები. რამდენადაც რთული უნდა იყოს ამის დაჯერება, საკრედიტო ბარათი საუკეთესო გზაა ანგარიშსწორებისთვის. ოღონდ… უნდა იცოდე როგორ გამოიყენო საკრედიტო ბარათი სწორად. სწორედ ამაზე ვისაუბრებთ დღეს სტატიაში – საკრედიტო ბარათების ბენეფიტები და მათი სწორად გამოყენების გზები. სანამ დავიწყებთ, თუ ზუსტად არ გახსოვს რა განასხვავებს საკრედიტო ბარათს სადებეტოსგან, გაეცანი მოკლე სტატიას აქ.

მიზეზი 1: ქეშბექი და ლოიალურობის ქულები

საკრედიტო ბარათები ქეშბექის ფუნქციით პირველად შეერთებულ შტატებში გამოჩნდა. Discover-ის ბარათის იდეა იყო მარტივი: გამოიყენე საკრედიტო ბარათი და დაიბრუნე გადახდილი თანხის 1% უკან, ანუ ქეშბექი (ქეშ – თანხა, ბექ – უკან, ინგლისურიდან). დღეს ქეშბექის კონცეფცია პოპულარობას საქართველოშიც იძენს. მაგალითად, ზოგიერთი ბარათი გვთავაზობს 0.5%, 1% ან თუნდაც 10% ქეშბექს. ნახე რომელ ბარათს აქვს ყველაზე მაღალი ქეშბექი აქ.

ზოგ ბარათს ქეშბექის ნაცვლად ლოიალურობის ქულების დაგროვების პროგრამა აქვს. დაგროვებული ქულების გამოყენება კი სხვადასხვა საჩუქრებში გადაცვლით, ან თუნდაც მათი განაღდებით შეგვიძლია.

რომელი ჯობია, ქეშბექი თუ ლოიალურობის პროგრამის ქულები? ამაზე პასუხი არც ისე მარტივია, მაგრამ ლოგიკურად – ჯობია ის, რომელიც ყველაზე მეტს დაგიბრუნებს უკან, მარტივად, სწრაფად და უვადოდ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგი ლოიალურობის პროგრამა არ არის ქეშბექისნაირად მარტივად გასანაღდებელი. მაგალითად, თუ პროგრამა გზღუდავს და საშუალებას გაძლევს ქულები გაანაღდო მხოლოდ რამდენიმე მაღაზიაში, ასეთ ქულებს შეიძლება შენთვის ფასი საერთოდ არ ქონდეს. ამასთანავე, ზოგი ლოიალურობის პროგრამა უფრო მეტს გვაძლევს ვიდრე ქეშბექ პროგრამები. თუ არ იცი რომელი ბარათით დაიწყო, გაარკვიე რომელი ბარათია საუკეთესო დამწყებებისთვის აქ.

მიზეზი 2: უსაფრთხოება

როდესაც იხდი სადებეტო ბარათით, თანხა იჭრება პირდაპირ შენი ანგარიშიდან. როდესაც იხდი საკრედიტო ბარათით კი – ბანკის რეზერვებიდან. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? წარმოიდგინე, რომ შენი ბარათი მოიპარეს და გამოიყენეს არალეგალურად, რამის საყიდლად. თუ ეს ბარათი სადებეტო იყო – დაემშვიდობე ფულს დიდი ხნით ან სამუდამოდ, რადგან თუ ბარათის დაზღვევა არ გქონდა ჩართული, ბანკს დიდად არ აინტერესებს მოპარული ფული. თუ პოლიციაში წახვალ – საქმის განხილვას დიდი დრო და ნერვები მოუნდება. მაგრამ თუ ბარათი საკრედიტო იყო – ქურდმა ბანკს მოპარა ფული, და არა შენ. როდესაც დაარეპორტებ არალეგალურ ტრანზაქციას, საქმეს ხელში თავად ბანკი აიღებს. მორჩა. ასე მარტივად – რატომ არის საკრედიტო ბარათი სადებეტო ბარათზე უსაფრთხო. 

მიზეზი 3: ფული წინასწარ (და უფასოდ)

ვის არ უნდა უფასო ფული? მაგრამ ნასესხებ ფულს ყოველთვის დროზე დაბრუნება უნდა. საკრედიტო ბარათის აღებისას მომხმარებელს სოლიდური დრო ეძლევა თანხის დასაბრუნებლად, რის განმავლობაში მას პროცენტი არ ერიცხება. საქართველოში საკრედიტო ბარათების უმრავლესობას რამდენიმე კვირიანი საშეღავათო პერიოდი აქვს, ყველაზე გავრცელებული კი 55 დღიანი საშეღავათო პერიოდია. ეს იმას ნიშნავს რომ, თუ თანხის ათვისებიდან 55 დღეში დაფარავ ათვისებულ საკრედიტო ლიმიტს, პროცენტი არ დაგერიცხება. ანუ – (დროებითი) უფასო სესხი. აქვე დავძენ, რომ თუ გადააცილე ამ ვადას, შემდეგ საკმაოდ მაღალი საპროცენტო საურავები დაგერიცხება.

კიდევ ერთი მიზეზი მაქვს სათქმელი თუ როგორ შეიძლება გამოიყენო ეს ბენეფიტი. მიუხედავად იმისა, გაქვს თუ არა თანხა კრედიტის დასაფარად, არ დაფარო დროზე ადრე. დაფარვის მაგივრად ფული მაღალ განაკვეთიან შემნახველ ანაბარზე იქონიე, სადაც დამატებით ფულსაც იშოვნი. ხოლო როცა გადახდის დრო მოვა, გადაიხადე დროზე, და აირიდე ყოველგვარი საკომისიო თავიდან.

მიზეზი 4: საკრედიტო ისტორიის შექმნა

გინდა თუ არა, სავარაუდოთ, ოდესღაც მოგიწევს სესხის აღება მანქანის ან სახლის შესაძენად, ანდაც უბრალოდ პირადი მიზეზების გამო. სესხს კი, როგორც იცი, თან საკომისიოები ახლავს, ანუ პროცენტი და ა.შ. პროცენტი კი ცვლადია სხვადასხვა მომხმარებლებისთვის. მაგალითად ნიკას საპროცენტო განაკვეთი შეიძლება უფრო მაღალი იყოს ვიდრე ირაკლის, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ერთი და იგივე სესხს იღებს. ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება საერთოდ არ დაგიმტკიცონ სესხი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია შენს საკრედიტო ისტორიაზე. მაღალი საკრედიტო ქულა ნიშნავს, რომ ხარ გადახდის უნარიანი და ნაკლებ რისკიანი. შესაბამისად, მეტს უნდა სესხი მოგცეს, თანაც უფრო იაფად. 

მაგრამ რაც არ უნდა კარგი გადამხდელი იყო, თუ ამისი ისტორია არ გაქვს, რადგან სესხებს არ იღებ, შესაძლოა კრედიტორებმა თავი შეიკავონ სესხის გაცემისგან. სწორედ ეს არის საკრედიტო ბარათების კიდევ ერთი ბენეფიტი – შეიქმენი საკრედიტო ისტორია სესხის აღების და საკომისიოების გარეშე. დროთა განმავლობაში, ბარათის გამოყენებისას შეიქმნება შენი საკრედიტო ისტორია, რაც მომავალში დაგეხმარება უკეთესი ფინანსური პირობების მიღებაში და თანხის დაზოგვაში.

როდის არ უნდა გამოიყენო საკრედიტო ბარათი

საკრედიტო ბარათი ყველასთვის სასარგებლო არაა. თავი შეიკავე საკრედიტო ბარათის აღებისგან თუ:

  • არ გაქვს საკმარისი სტაბილური შემოსავალი კრედიტის დროზე დასაფარად.
  • არ შეგიძლია ხარჯვის კონტროლი და ყიდულობ უფრო მეტს, ვიდრე შეგიძლია გადაიხადო.
  • გსურს ბარათიდან თანხის ბანკომატით განაღდება.
  • არ გაქვს კარგი საკრედიტო ბარათის აღების შემოთავაზება.

შეჯამება

საკრედიტო ბარათი საუკეთესო გზაა ანგარიშსწორებისთვის, როდესაც იცი თუ როგორ გამოიყენო ის სწორად. საკრედიტო ბარათს შეუძლია გამოგიმუშაოთ და დაგიზოგოთ თანხა, დაგეხმაროთ საკრედიტო ისტორიის შექმნაში, და აგარიდოთ თავი თანხის დაკარგვისგან. ეს ყველაფერი კი მხოლოდ მაშინ თუ სწორად გამოიყენებ ბარათს.

შენ უკვე იცი როდის და როგორ უნდა გამოიყენო საკრედიტო ბარათი. ახლა კი შეამოწმე რომელი ბარათია შენთვის საუკეთესო აქ: საუკეთესო საკრედიტო ბარათები.

განაგრძე კითხვა: